ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება ყარაბახის საკითხზე მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე გადაიჭრება.
ამის შესახებ გენერალმა „ევროპათაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე გადაიჭრება. ეს არის პოტენციური მარიონეტული დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელიც უნდა მოგვარდეს. ვფიქრობ, კრემლი ამ მიმართულებით ნაბიჯს მალე გადადგამს და როგორც ჩანს, თურქეთი აფორმებს გარკვეული ტიპის შეთანხმებებს რუსეთთან თურქულ ჯართან დაკავშირებით სირიაში, რათა კრემლის რეაგირებები მთიან ყარაბაღში შეამციროს“ - აცხადებს გენერალი.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი იმდენად შორს არ წავიდეს, რომ კრემლი ჩაერთოს.
„თუმცა "შორს წასვლა“ და თავდაჯერებულობის თავიდან აცილება ყოველთვის რთულია, როცა საქმე ჩანს, რომ კარგად მიდის“ - დასძინა გენერალმა.
რაც შეეხება პროცესში საერთაშორისო ჩართულობას, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ „შეერთებულმა შტატებმა ყოველთვის უნდა გადადგას ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას“.
„ჩვენ ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან. გერმანია არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და, ალბათ, ერთადერთი მთავრობაა, რომელსაც შეუძლია, კრემლის ქცევაზე გავლენა მოახდინოს. შეერთებულმა შტატებმა მჭიდროდ უნდა ითანამშროლოს გერმანიასთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით როგორც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ბელარუსთან დაკავშირებით“- განაცხადა გენერალმა.
მისი ანალიზით, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, თუ რუსი ”მშვიდობისმყოფელები” მთიან ყარაბაღში ჩადგებიან: „ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის რუსეთსა და ირანს. შესაბამისად, თუ რუსი "მშვიდობისმყოფელები” ჩადგებიან იქ, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს აღმოსავლეთი-დასავლეთის საჰაერო მიმოსვლას, ენერგოგანაწილებასა და ტელეკომუნიკაციების მარშრუტიზაციას“.
გენერალს ასევე ვკითხეთ საქართველოში შავ ზღვაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ანაკლიის პორტი, ბათუმის პორტის ტერმიანლის მშენებლობა (რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება) და რუსეთის წანააღმდეგობებზე აღნიშნულ პროექტებზე:"რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს რა არის საუკეთესო საქართველოსთვის. მხოლოდ საქართველოს ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმისდა მიუხედავად, კრემლი თავად რას თვლის საუკეთესო გადაწყვეტილებად".