თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჯობდა, რომ გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიეღო, ახლა მისი პოლიტიკაში შემობრუნება კითხვის ნიშნებს ბადებს.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი ,,ქართული ოცნების" ოპოზიციაში დაბრუნდებოდა, თუმცა მას იმედი ჰქონდა, რომ გახარია ამას არ გააკეთებდა.

,,მედიაში სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში დაბრუნდებოდა. რაკი მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“, ეს საზიანო იქნება.

ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში, პარლამენტში, სადაც გადაბარების პროცესში გახლდით, ყველა გაკვირვებული იყო, მეც მათ შორის პირველი და ჩვენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მისთვის რამდენად კარგია ეს დაბრუნება, არ ვიცი, რადგან იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს და რამდენად შეიძლება იყოს კომფორტული ეს კითხვები, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ეს გადადგომის შემდეგ გახარიას პირველი კომენტარია. მისი თქმით, ის სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.