ევროკავშირი, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 11 მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერითრეის, სამხრეთ სუდანის და ლიბიის მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებენ.

ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში 11 მაღალჩინოსანი მოხვდა, რუსეთის შემთხვევაში საუბარია ორ პირზე, რომლებიც ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებში მონაწილეობდნენ.

სანქცირებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მათ ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში მათ სახელზე გახსნილი ანგარიშები გაიყინება.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი აამოქმედა. პირველად ამ მექანიზმით შეზღუდვები დაუწესეს რუს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დევნაში არიან პასუხისმგებელნი.