„თუკი მოლაპარაკების პროცესში ისეთ პუნქტებს ჩადებ, რომელიც რევოლუციის ტოლფასია, ეს იგივე რევოლუციაა, ოღონდ მოლაპარაკების გზით. ამ შემთხვევაში, მეორე მხარე, რა თქმა უნდა, დათმობაზე არ წამოვა“, - აღნიშნული განცხადებით, Europetime-თან საუბრისას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოლაპარაკების დროს, ყველა მხარე ცდილობს იპოვოს ისეთი დებულება, რომელიც მასაც აწყობს და სავარაუდოდ, მეორე მხარესაც.
პოლიტოლოგის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან არცერთი შენიშვნა, არცერთი აზრი არ გაჟღერებულა იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის ჩაშლა ხელისუფლების ბრალია.
„ამას მხოლოდ ოპოზიცია ამბობს. ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ შეთანხმებას ხელისუფლების გამო ვერ აღწევენ. ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებებშიც აღნიშნა, რომ დემოკრატია ქუჩაში დგომა არ არის და არასაპარლამენტო პლურალიზმს ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. მეტი რაღა უნდა ეთქვა. ამ პროცესის მონაწილე არცერთ უცხოელ დამკვირვებელს და პარტნიორს არ უთქვამს, რომ ოპოზიცია მართალია, თავის მოქმედებებში. ხელისუფლების მიმართ, შეიძლება იყო მოწოდება მელიას დაკავების საქმეზე, ასევე ხელისუფლების გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომ მეტი კორექტულობა ყოფილიყო, მაგრამ არავის უთქვამს, ოპოზიცია მართალია ქუჩაში რომ დგასო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ მოლაპარაკებები დროის ტყუილად გაყვანაა და მოქმედებაა საჭირო. რევოლუციურ მოქმედებაზე იყო მინიშნება.
„შესაბამისად, თუკი რევოლუციას აპირებს, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ორივე ერთად ვერ იქნება. რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოდის უცხოელებისგან მხარდაჭერილი არ არის.
დღეს, ამ მოვლენების ფონზე ცხადი გახდა, პოლიტიკური სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. აგერ 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. იქამდე იკარგებიან. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. სწორედ ამ ფონმა განაპირობა რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ დააანონსა“, - განუცხადა Europetime-ს რამაზ საყვარელიძემ დასძინა, რომ თუ გახარია საინტერესო პოლიტიკურ გუნდს შეკრავს, შესაძლოა მისი პარტია დასავლეთისთვის საინტერესო პოლიტიკურ ძალად იქცეს.
ამიტომ ამ ოპოზიციამ ფაქტიურად ფიასკო განიცადა. თუ კი მოლაპარაკების პროცესში ისეთ პუნქტებს ჩადებ, რომელიც რევოლუციის ტოლფასია, იგივე რევოლუცია, ოღონდ მოლაპარაკების გზით და მაშინ მეორე მხარე რა თქმა უნდა არ წამოვა დათმობაზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 7% "ნაციონალურ მოძრაობას", 7% კი სხვა პარტიებს. ამავე კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს. როგორც მიშელი აცხადებს, დროა, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა.
,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.