ენტონი ბლინკენი: აშშ-ს სურს, აღადგინოს პარტნიორული კავშირები და NATO-ს ახალი ძალა შემატოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატების ადმინისტრაცია მოწოდებულია, გააძლიეროს და აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები და NATO-ს ახალი ძალა შემატოს.

როგორც ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა, ის ბრიუსელში მტკიცე ერთგულების გამოსახატად ჩავიდა.

,,დღეს აქ მოვედი, რათა აშშ-ის სახელით მოკავშირეებისადმი ჩვენი მტკიცე ერთგულება გამოვხატო. აშშ-ს, პირველ რიგში, NATO-ს მოკავშირეებთან პარტნიორობის განახლება სურს. გვსურს, ალიანსს ახალი ძალა შევმატოთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი, პირველად მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში 23-24 მარტს იმართება.

ორდღიანი მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდ-19-ის პანდემიასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.