ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 2020 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ვროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ მე-9 დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით „ჰოლოზეუმში“ გაიმართა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2020 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას.
გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
„2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა
„დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: გიორგი გოგუა; ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე
•საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: მერი შიხაშვილი; ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი
•საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: თამარ ჩქარეული; ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია
•საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი; ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია
•საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი; ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე
•საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: გამარჯვებული: სოფო აფციაური; ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე
•კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): გამარჯვებული: ქეთევან მაღრაძე; ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე.
"პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში", - ნათქვამია გავრცელებუ ინფორმაციაში.