კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა.
როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.
წულუკიანის თქმით, კახა სიხარულიძე იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე.
„დღეს ჩვენ წარვადგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს. პირველ რიგში, მინდა, წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი კახა სიხარულიძე.
ბატონი კახა სიხარულიძე ჩვენს ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობისა ჩვენს შორის და ასევე, აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ.
ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურშია და ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობას და ის იყო ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. კახა სიხარულიძე გახლდათ ასევე ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს და არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სსიპ-ებსა და ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ შემოქმედს ჩვენს ქვეყანაში დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, სოსო გიორგაძე უხელმძღვანელებს ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ბატონი სოსო გიორგაძე. მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი. მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას. იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და ბოლო დროს გახლდათ და პირველ აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო პირველი აპრილიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა გადაწყვეტილება და პირველი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად უკვე ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას და უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, იოსებ ბაღათურია იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე ბატონი იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში. პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.
მე მინდა, ჩემს მოადგილეებს ვუთხრა მადლობა, რომ დათანხმდნენ ამ რთული სფეროს, რთული სამინისტროს ხელმძღვანელობაში ჩემს დახმარებას და ჩვენი ხელისუფლების სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობას. მე მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა წულუკიანმა.