ვენეციის კომისია: პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების  სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება

,,პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე ნათლად და დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს", - ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება.

კომისიის დასკვნაშიაა მიხედვით, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.

როგორც კომისია აღნიშნავს, ეს შემოთავაზება, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს.

„საბოლოოდ, ჩამოთვლილი შესწორებების შედეგად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თანასწორუფლებიანობას დაარღვევს - მათთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმით, თუ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებენ. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არაპროპორციული და უსაფუძვლოა, რადგან ზუსტად იმ პარტიებს სჭირდებათ უფასო საეთერო დრო (თავიანთი ხმისა და პროგრამის ამომრჩევლებამდე მიწვდენისათვის), რომლებსაც ნაკლები დაფინანსება აქვთ“, - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.