თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, მოსახლეობამ ვაქცინაცია უნდა გაიკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება კვლავ გართულდება.
„საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი, სტაბილური მაჩვენებლებით მოსვლა. ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა, 400-ზე მეტი არ არის, ასევე გარდაცვალების რიცხვი ათასს არ გადასცილებია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი. ის, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში ვაქცინა უწყვეტად შემოდის, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტციზმი და ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერ ვერ ხერხდება. მეორე არის ის, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს რეკომენდაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებას. 70 პროცენტი იყო ერთი თვის წინ და ახლა 42 პროცენტზე ჩამოვიდა. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ საქართველო დღეს გზაგასაყარზე დგას, უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან, პერსპექტივიდან ერთ-ერთი.
პირველი-ის უარს ამბობს ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმზე მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოებთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა. ისეთი, რომელიც ბევრ სხვას არ აქვს. ეს არის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალებები კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს, რომ ცხოვრების პირობების გაუუმჯობესდა. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, უარის თქმა სკეპტიციზმზე და პირბადის ტარება. რაც შეეხება მეორე გზას, რომელსაც ახლა ვადგავართ, ეს არის, ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი“, – განაცხადა ცერცვაძემ.