ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ორი არჩევანი დარჩა.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში ან თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არ გაემიჯნებიან, მარგინალიზაციის გზით მოუწევთ სიარული.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიცის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას და განაცხადა, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან.

,,რაც შეეხება ორი თვით ადრე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას 2 თვით ადრე აანონსებს. ეს რაზე მიუთითებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია. მე ვგულისხმობ სააკაშვილსა და მის რადიკალურ ქმედებებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.