თეა წულუკიანი: თუ გიორგი გახარია გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას ნამდვილ ოპოზიციონერობას გაუწევს.

„მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია, მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება.