დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპრემიერს პანდემიის პერიოდში ლობისტური საქმიანობის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ, კონკრეტულად კი, ქემერონი კომპანია Greensill-თვის საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ცდილობდა.

როგორც ირკვევა, ქემერონმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ პირად ტელეფონზე დაუკავშირდა და კომპანიისთვის პანდემიის ფარგლებში გამოყოფილი სოლიდური კრედიტის მიღებას შეეცადა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობით, ყველა, ვინც ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული, ვალდებულია, ოფიციალურად დარეგისტრირდეს. ამ კანონის დარღვევა ჯარიმას, ან პატიმრობას ითვალისწინებს.

საბოლოო ჯამში, კომპანია Greensill-მა კრედიტი ვერ მიიღო, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შედეგად, კომპანია გაკოტრდა.