იენს სტოლტენბერგი: NATO-ში გაწევრიანება სუვერენული ქვეყნის არჩევანია, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე განაცხადა.

,,ალიანსში გაწევრიანება სუვერენული ქვეყნების უფლებაა და ჩვენ მას პატივს ვცემთ. ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ჩვენ არ განგვისაზღვრავს კონკრეტული ვადები. დღეს ჩვენ ვეხმარებით უკრაინას და საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან და წევრობასთან დაახლოებაში, მაგრამ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებაზე მიიღება კონსენსუსის გზით. ამიტომ, არ შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის ჩათვლიან მოკავშირეები, რომ უკრაინა და საქართველო შეუერთდნენ ალიანსს", - განაცხადა სტოლტენბეგმა.