აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
11 წლიანი პაუზის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღორძინების მზაობა.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძლიერი ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებშია. მან ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას. მან ასევე ისაუბრა საერთო გამოწვევებზე მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე, როგორიცაა COVID19-თან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და იმის უზრუნველყოფა, რომ დემოკრატიებმა და არა ავტოკრატიებმა დაადგინონ წესები. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.