დღეს ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.
„2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება პირველ რიგში, არის იმ სტატუს-კვოზე დაბრუნება, რაც ომამდე იყო. ამის გარეშე კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაწყება შეუძლებელია. შესაბამისად, ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს. კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუ არ მოხდა ჯერ სტატუს-კვოს აღდგენა და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ დეოკუპაცია. თვითონ რუსეთის დელეგაცია ცდილობს ისაუბროს ყველაფერზე, გარდა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დელეგაციისთვის, ისე მთლიანად პროცესისთვის.
ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის ინსტრუმენტი, რომელშიც უნდა აისახოს ქართულ-რუსული კონფლიქტის შესაბამისი დინამიკა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ხდება ჟენევაში, არამედ ის, რა ხდება კონფლიქტის დინამიკაში.
ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მნიშვნელოვან ამოცანას ემსახურება საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, იქნება ეს რეზოლუციები თუ სხვ. სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენოს როგორც სავაჭრო კარტი მოლაპარაკებათა მაგიდაზე, რაც 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა დარსალიამ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად
მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.