რუსეთის საგარეო უწყება: ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობა

"რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ანტირუსული რიტორიკისა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლაციის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა", - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა მოითხოვეს, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

"25-26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი, ამიერკავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. ი. რუდენკო.

ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ რეგულარული პირდაპირი დიალოგის უზრუნველყოფის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს.

მხარეებმა გაცვალეს აზრები დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა მოუწოდეს ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანის - სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ძალისხმევის მიმართებისკენ. ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა შეუძლებელია თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია მათ შორის ამიერკავკასიაში აშშ-ისა დაNATO-ს გაზრდილი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობით, მათ შორის ალიანსში საქართველოს იძულებითი წესით გაწევრიანების გეგმით", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის კიდევ უფრო შემცირებას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე.

"ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა შეფასებით, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრებზე კონტროლირებადია. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის შემდგომ შემცირებას ხელს შეუწყობდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მალე დაწყება.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ანტირუსული რიტორიკისა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლაციის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა. ქართული მხარის მიერ არჩეული ტაქტიკა არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვანი მუშაობის კუთხით. კერძოდ, საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ამ დროს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ აქვთ შესაძლებლობა, ნიუ-იორკში ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.