ჩვენი პოზიცია არის მიმართული რეგიონში სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად. პირველი დღიდან ჩვენი მოწოდება იყო, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია, საქართველომ შესთავაზა მხარეებს თბილისი, როგორც ადგილი მოლაპარაკებისთვის, – ამ განცხადებით ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი გენერლის ფილიპ ბრიდლავის სტატიას.
ზალკალიანის თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს.
„ეს შეთავაზება მუდმივად არის დღის წესრიგში. ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენს მეზობლებს ამის სურვილი იქნებათ, მზად ვართ, ვუმასპინძლოთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ის მყიფე მშვიდობა, რომელიც პერიოდულად მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აუცილებადია იყოს განგრძობადი. ამას ჭირდება რეგიონში სტაბილურობა. ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გამოვაცხადეთ, რომ გვსურს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და სომხეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობა.
აქედან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ეროვნების მოქალაქეები საუკუნეებია თანაცხოვრობენ საქართველოში, მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონი გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. არ არსებობს მსოფლიოში იმაზე უფრო ძლიერი, როგორც ეკონომიკური ისე რესურსული თვალსაზრისით და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, როგორც სამხრეთ კავკასია. თუ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდა, ამით მოიგებს ყველა. როგორც რეგიონი, ასევე რეგიონს მიღმა ყველა ძირითადი ძალა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის: მთიან ყარაბარში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. მხარეები რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მათ შორის მოსკოვსა და აშშ–ში, თუმცა ერთმანეთის შეთანხმების დარღვევაში მალევე დაადანაშაულეს.