ზურაბ აბაშიძე: არ გვქონდეს ილუზია, რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ

„აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეტი ძალისხმევით ამ ფორმატში მუშაობა, დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერით და უნდა ვიქონიოთ საკმარისი მოთმინება პროცესში, რომელიც უაღრესად რთულია, არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ“, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისივე თქმით, პრაღის ფორმატის მორიგი შეხვედრა, სადაც სავაჭრო ეკონომიკური და სატრანსპორტო პრობლემები განიხილება, სავარაუდოდ აპრილში ჩატარდება.

„ჯერ ზუსტი თარიღი არა არის ცნობილი, ალბათ ისევ ონლაინ რეჟიმში, ამჯერადაც ჩვენ ამ ფორმატსაც გამოვიყენებთ რათა ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი შედგა და საგარეო უწყების ინფორმაციაში დეტალურად არის ჩამოთვლილი ის საკითხები, რომლებიც ქართულმა დელეგაციამ დააყენა.

"ჟენევის მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ამაში ჩართულია გაერო, ეუთო, ევროკავშირი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი კოლეგები.

მოლაპარაკებები ეხება უპირველეს ყოვლისა იმ ურთულეს პროცესებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და საქმე გვაქვს დეფაქტო ანექსიის მცდელობასთან, საუბარი იყო ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფაზე, დარღვევებზე, ქართული მოსახლეობის განათლების და სხვა უფლებების უხეშ დარღვევებზე, იმაზე, რომ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხი. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ყოველივე ეს მძიმე სურათს ხატავს და ამ რაუნდზეც როგორც ჩანს, ვერ მოხდა ისეთი წინსვლა, რაც იმედისმომცემი იქნებოდა. ჩვენ რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაც ვნახეთ ამ შეხვედრის თაობაზე და დიამეტრალურად განსხვავებული ხედვებია, რაც იმაზე მიუთითებს, რამდენად წინააღმდეგობრივია სხვაობები პოზიციებში. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ამაში ჩართულია გაერო, ეუთო, ევროკავშირი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი კოლეგები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეტი ძალისხმევა ამ ფორმატში მუშაობა, დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერით და უნდა ვიქონიოთ საკმარისი მოთმინება პროცესში რომელიც უაღრესად რთულია, არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმისა რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ. ასეთია სამწუხარო რეალობა“, – განუცხადა პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ.