პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის წინ, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღება იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი.
როგორც კობახიძე აცხადებს, 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
„ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ.
მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, – წერს კობახიძე.