„რუსეთის რბილი ძალა“ - ამ ტერმინს პოლიტიკოსების თუ მსოფლიო ექსპერტების შეფასებებში ხშირად ამოიკითხავთ, საკითხი აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მისი გამოყენება იგრძნობა არამარტო რუსეთის უშუალო სამეზობლოში, არამედ, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებშიც. საქართველოში რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმაა, რაზეც საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, ამერიკელი პარტნიორებიც მიუთითებდნენ. კერძოდ, რუსულ მედიაში გახშირდა სტატიები იმის შესახებ, რომ თბილისი ლაბორატორიის დახმარებით კორონავირუსის ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობს. საპასუხოდ, აშშ-ის საელჩომ მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ქართულმა მხარემ კი რუსეთს საერთაშორისო ფორმატში ლაბორატორიის დათვალიერება შესთავაზა. საერთაშორისო მედიაში კი გაჩნდა სტატიებიც იმის შესახებ, რომ საქართველო ყალბი ამბების სამიზნე გახდა. ე.წ. რბილი რუსული ძალა რომ უფრო ხილული გახდა, ამაზე ჯერ კიდევ 2018 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა, როდესაც აქცენტი გააკეთა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, „საქართველოს თითქოს „ევროპული სტრუქტურებიდან აგდებენ“. რას ნიშნავს რუსული რბილი ძალა, რა მეთოდებს იყენებს ის, რა მიზნებს ემსახურება და რა გზები არსებობს ჰიბრიდული ომის გამოწვევებზე გასამკლავებლად, ამ საკითზებზე მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, გვანცა აბდალაძე Europetime-ს უზიარებს:
- ბოლო წლებში რუსეთის რბილი ძალა აქტუალურ საკითხად იქცა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. მასზე ყველას სმენია, თუმცა ხშირად რთულდება იმის დაკონკრეტება, რას გულისხმობს ეს ტერმინი, რას მოვიაზრებთ რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკად, რა განსხვავებაა მასსა და აშშ-ის, ევროკავშირის თუ სხვა დასავლური აქტორების რბილ მექანიზმებს შორის.
ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ მარტივი კლასიფიკაცია. „რბილი ძალა“ (soft power) თავისი კლასიკური გაგებით, როგორც თავად ტერმინის გამომგონებელმა, ამერიკელმა თეორეტიკოსმა და პოლიტიკოსმა ჯოზეფ ნაიმ განმარტა, გულისხმობს „მომხიბვლელობის ძალას“, ცეკვას, სადაც „პარტნიორის ყოლა აუცილებელია“, თანამშრომლობას და ორმხრივ სარგებელს, ე.წ. „მოგება-მოგება“ თამაშს (win-win game), სადაც ქმედებები ლეგიტიმურია და პოლიტიკა ინსტიტუტების მიერ განხორციელებული.
რბილი ძალის მიზანია ახალი მოკავშირეების გაჩენა და მათზე „რბილი ზემოქმედება“, მათი „მოხიბვლა“ საერთო პროექტებში ჩართულობისთვის. ნაისეული კლასიკური რბილი ძალის კარგი მაგალითია ევროკავშირი, რომელიც არ ფლობს სამხედრო მექანიზმებს და სახელმწიფოთა ჩართულობას სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფს ინსტიტუციური მმართველობით და სხვადასხვა ლეგიტიმური პროექტით.
მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ პრიორიტეტული გახადა საგარეო პოლიტიკაში (რეგიონში თუ მის მიღმა) „რბილი ძალის“ გამოყენება, აღმოჩნდა, რომ რუსეთის „რბილი პოლიტიკა“ სულაც არ არის „რბილი“ - ის იყენებს არალეგიტიმურ მექანიზმებს, ხოლო მიზნები დესტრუქციულია და არა „მოგება-მოგება“ (win-win game) პროექტებზე მიმართული. დისკუსია ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის შემდეგ (პეტერბურგის „ტროლების ქარხანა“), რაც დაადასტურა საგამოძიებო კომისიამ. გაჩნდა ახალი ტერმინიც „ბასრი ძალა“ (sharp power), რომლის ავტორია ამერიკელი ექსპერტი ქრისტოფერ უოლკერი.
საერთაშორისო ასპარეზზე დღეს უკვე მიღებულია ჩინეთის და რუსეთის არასამხედრო მეთოდებით ზეგავლენის მოპოვების პოლიტიკა მოხსენიებული იყოს როგორც sharp-ი და არა soft-ი. ქართულ სამეცნიერო დისკუსიაში ტერმინის არარსებობის გამო, ვთარგმნეთ როგორც „ბასრი“ და ვცდილობთ ამ ტერმინის დამკვიდრებას.
- რას გულისხმობს „ბასრი ძალა“ და რითი განსხვავება ის „რბილი ძალისგან“?
- რუსეთის ბასრი ძალა იყენებს კლასიკური რბილი ძალის ზოგიერთ გავრცელებულ და კანონიერ მექანიზმს (კულტურული კავშირები, იდეების გავრცელება, განათლების პროექტები), მაგრამ ამავე დროს იყენებს ისეთ მექანიზმებს, რაც ვერ ჯდება ვერც კანონიერების, ვერც ლეგიტიმურობის და ვერც „რბილი ზემოქმედების“ ფარგლებში. ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში იმეორებს ცივი ომის დროინდელ კგბ-ს მეთოდებს: პროვოკაციების მოწყობა, ჯგუფების შექმნა-შეგზავნა, პროპაგანდა, საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ (ომის პირობებში მსგავს მეთოდებს იყენებს ყველა არმია მტრის წინააღმდეგ). გარდა ტრადიციული საბჭოთა გამოცდილი მეთოდებისა, ინტერნეტის გამოგონებამ და ციფრულმა რევოლუციამ გაამარტივა ახალი მექანიზმების გამოყენება: კიბერთავდასხმები და დეზინფორმაციის გავრცელება სოციალური თუ სხვა მედიის დახმარებით, ბოტებისა და ტროლების აქტიური გამოყენებით. პრორუსული ჯგუფები ხშირად გამოთქვამენ „არგუმენტირებულ ეჭვს“ - რა გარანტია არსებობს, რომ დასავლური რბილი ძალაც არ იყენებს არალეგალურ მექანიზმებს? - პასუხი მარტივია. ადამიანები ყველა სისტემასა და ყველა დროში მიდრეკილნი არიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, თუმცა დემოკრატიულ სისტემაში ამა თუ იმ ლიდერს შეზღუდული აქვს ძალაუფლების გადაჭარბების მექანიზმები და არსებობს პროცესების გამჭვირვალობის ინსტიტუციური ვალდებულება.
- რუსეთის ბასრი ძალის თავისებურებებსა და მუდმივ მიზნებზე ხშირად მიანიშნებენ ექსპერტები და სხვა ლიდერები, თქვენ როგორ აღწერთ მის ტაქტიკას?
- რუსეთის ბასრი ძალის მიზნებში უნდა გამოვყოთ მუდმივი მიზნები (გლობალური მასშტაბით - დემოკრატიული სისტემების დისკრედიტაცია, რეგიონის მასშტაბით - სტაბილურობისა და განვითარებისთვის ხელის შეშლა, პოლიტიკურ სპექტრში მისთვის სასურველი პოლიტიკური ელიტების დაწინაურება, რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური სივრციდან თავის დაღწევის შეუძლებლობა) და ცვალებადი ტაქტიკური მიზნები, რომლებიც განისაზღვრება ამა თუ იმ საზოგადოებაში კონტექსტის და სამიზნე ჯგუფების შესწავლის საფუძველზე. ცვალებადია ასევე განხორციელების მექანიზმები და განმახორციელებელი ჯგუფები თუ ინდივიდები.
- როდის აქტიურდება ბასრი ძალა?
- საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბასრი ძალის გააქტიურება ხდება კრიზისების დროს (კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა) და საარჩევნო ან რეფერენდუმების პერიოდში. მოქალაქეთა განწყობებზე თამაში და ამომრჩევლის პრეფერენციების შეცვალა (რაც ავტომატურად ნიშნავს საარჩევნო შედეგების შეცვლასაც) რუსეთის ბასრი ძალის ყველაზე „საყვარელ გართობად“ იქცა ბოლო წლებში. საარჩევნო პერიოდში „ბასრი ძალის“ გააქტიურება ქმნის განსაკუთრებულ გამოწვევას, რადგან დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელია იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი მოვლენის თუ პროვოკაციის მიღმა იკითხება ბასრი ძალის კვალი. აშშ-ის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე, გამოძიებას წლები დასჭირდა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. საარჩევნო პერიოდში ბასრი ძალის გამოყენება, აჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს - ამა თუ იმ პოლიტიკურ ელიტას უჩნდება ცდუნება საკუთარი პარტიული გამარჯვებისთვის გამოიყენოს რუსეთის „პროფესიონალური“ დახმარება.
რაც უფრო მეტად უჭირს კონკრეტულ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ლეგიტიმაციის შენარჩუნება, მით უფრო მოწყვლადი იქნება ამგვარი ცდუნების წინააღმდეგ. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტებმა (როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომდევნო) უნდა გააცნობიერონ სახელმწიფო ინტერესის უზენაესობა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. საზოგადოებაში უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ არ შეიძლება მტრული ძალების საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება შიდა პარტიული ბრძოლებისთვის. ეს პოლიტიკური განვითარების ის ეტაპია, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და რაც მუდმივად უნდა გააკონტროლოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ.
- რატომ არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა ასეთი რთული?
- იმიტომ, რომ დეზინფორმაციულ „მესიჯებზე“ რეაგირება ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც ამბობენ, „გაფრენილ სიტყვას ვერ დაეწევი“ - მანიპულაციური ფოტო, ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციის გავრცელებას წუთები სჭირდება სოციალური მედიით, მის გადამოწმებას და პასუხის გაცემას კი პროფესიონალიზმი და ხანგრძლივი დრო.
დეზინფორმაცია არსებობს სხვადასხვა სახის და შესაძლოა მოიაზრებდეს როგორც სრულ ტყუილს, ასევე მეტ-ნაკლებად რეალური ინფორმაციის მანიპულაციურ გამოყენებას, ასევე იმ კლასიკური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებას, რაც ოსტატურად შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში და დაიხვეწა საბჭოთა კავშირში ცივი ომის დროს. დეზინფორმაციის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ტაქტიკური მიზნების მისაღწევად.
დეზინფორმაციის ლოგიკა კარგად ერგება ყველა ჩვენგანის ადამიანურ სისუსტეს - სმარტფონზე „ჩასქროლვით“ მივიღოთ სწრაფი და ემოციური ინფორმაცია. გარდა ამისა, თვალში საცემია, რომ დეზინფორმაციული მესიჯები ცვალებადია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც, ასევე „მომსახურების სხვადასხვა პაკეტად დაყოფილი“.
როგორც სუპერმარკეტში შესულ მყიდველს სჭირდება სხვადასხვა პროდუქტი გემოვნების და საჭიროების შესაბამისად, ასევე დეზინფორმაციის მიმღები ჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა თემის მიმართ მოწყვლადობის ხარისხით, და როგორც ბიზნესში, მომხმარებელს აქაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი.
დეზინფორმაციული მესიჯები კვდომადიც არის დროის მონაკვეთში. კარგ მაგალითად მახსენდება პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებული „ფოტომტკიცებულება“, რომ მაჩაბლის ქუჩას დაერქვა „ირანის ქუჩა“ და მოწოდება საზოგადოების მიმართ, რომ „აღვდგეთ ქართველები „შაჰ-აბასების“ წინააღმდეგ“.
მსგავსი ნიუსი მოწყვლადი აღმოჩნდა ბევრი ჯგუფისთვის ისტორიული მეხსიერებისა და ქვეცნობიერი სენტიმენტების გამო, თუმცა მსგავსი „ნიუსი“ ვერ იქნება გრძელვადიანი, რადგან ძალიან მარტივია მისი გადამოწმება. ამავე ჯგუფში უნდა მოვიაზროთ ბევრი სხვა ანტიდასავლური მესიჯიც („ევროპაში ინცესტი ლეგალურია“ ჟანრის), რადგან ბოლო წლებში მარტივი გახდა ევროპაში წასვლა და ევროკავშირისგან თუ აშშ-სგან მონსტრის შექმნა რთულდება მოსახლეობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ გარკვეული დეზინფორმაციული მესიჯები არის თუ არა კვლავ ქმედითი, არამედ ის, რომ მუდმივი „დეზინფორმაციული შტურმი“ აღწევს თავის მთავარ მიზანს - ადამიანს აღარ სჯერა არაფრის, ბუნდოვანდება ზღვარი ტყუილსა და მართალს შორის.
- რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად?
როდესაც დეზინფორმაციას საზოგადოება მიჰყავს ამ მდგომარეობამდე, იქ უკვე მარტივდება რეალური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ანუ დეზინფორმაცია ეფექტურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის მექანიზმად და დადგა სასურველი შედეგი. რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? - სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა (როდესაც რეალური მიღწევები და წარმატებები აღარ ტოვებს სივრცეს, მოქალაქე დაკავდეს შეთქმულების თეორიებით), მედია-პროფესიონალიზმი, მოქალაქის მომზადება ახალი გამოწვევებისთვის (მედიაწიგნიერების დანერგვა განათლების სისტემაში დაწყებითი განათლების ეტაპიდანვე), დეზინფორმაციასთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა. დეზინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ პროფესიონალები და ჩვენთვისაც პროფესიონალიზმის ზრდა სხვადასხვა სეგმენტში ერთადერთი სწორი გამოსავალია ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად.
სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“