კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების თემაზე“ მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ისაუბრეს

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პოლიტიკურ პარტიებს. გვაქვს წინადადებები, იდეები რასაც ჩვენ გავუზიარებთ და, შევთავაზებთ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი და ჩვენ დავეხმარებით ამ საქმეში“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე, საქართველოში „პოლიტპატიმრების თემაზე“ მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ილაპარაკა. ამ საკითხზე მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

„თქვენ იცით იმ ექვსი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის შესახებ, რომელიც შარლ მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე, შერჩევითი სამართლის თემაზე და ამ კონტექსტში ეს საკითხები განიხილება. და მინდა ვთქვა აქ რა არის არსებითი: სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედით საკითხში ასევე არჩევნებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმაში არის განსაკუთრებით ხაზგასმული მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და კანონმდებლობა არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.