აშშ-ს სენატმა უზენაეს სასამართლოში რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს ემი კონი ბარეტს მხარი 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
მის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა სენატორმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მეინის შტატიდან სიუზან კოლინზმა.
კენჭისყრის შემდეგ ბარეტმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ფიცი დადო.
"მოსამართლე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი იქნება არა მხოლოდ კონგრესის და პრეზიდენტისაგან, არამედ საკუთარი პირადი რწმენისაგან, რაც შეიძლება მას სხვა მხრივ ამოძრავებდეს. მოსამართლის ფიცი ამ მოვალეობას საკუთარ თავში მოიცავს: ყოველთვის უნდა გვამოძრავებდეს კანონის უზენაესობა". - თქვა მან ფიცის დადების შემდეგ.
"ის ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გამორჩეული მოსამართლე იქნება". - თქვა დონალდ ტრამპმა ცერემონიაზე.
მისი დანიშვნით უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება. ის უზენაესი სასამართლოს უკვე მესამე მოსამართლეა, რომელიც დონალდ ტრამპმა შეარჩია.
დემოკრატი კანონმდებლების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ბარეტის დანიშვნა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდა. 2016 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სენატმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილის შევსებაზე უარი უთხრა. დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების დამატებას განიხილავდნენ. ამ საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავს არიდებენ დემოკრატული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი.