ირაკლი კობახიძე: ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ოპოზიცია პლებისციტსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნებსაც წააგებს

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

მისი თქმით, ოპოზიცია შესაძლო რიგგარე არჩევნებსაც, პლებისციტსაც და რეფერენდუმსაც წააგებს.

„ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ესაა მოცემულობა. რომელი ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ოპოზიციას აქვს, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ.

ისინი პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რაც ჩვენი მხრიდან ითქვა, ულტიმატუმი კი არა, მოცემულობაა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია, ჩვენ - იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც არსებობს. ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.