თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თანამემამულეებს ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ ორშაბათს, სატელევიზიო გამოსვლის დროს მოუწოდა.
"მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ არასდროს დაუჭირონ მხარი ფრანგულ ბრენდებს და არ იყიდონ ფრანგული პროდუქცია". – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტს მსგავსი მოწოდებები წარსულშიც გაუკეთებია. 2018 წელს მან საზოგადოებას მოუწოდა, არ ეყიდათ აშშ-ში წარმოებული ელექტრონული მოწყობილობები. 2018-ში ერდოღანის მოწოდებებს შედეგი არ ჰქონია.
ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს სხვადასხვა მაღაზიებმა ქუვეითში, საუდის არაბეთში, იორდანიასა და კატარში. ფრანგული მხარის განცხადებით, ჯერჯერობით, უცნობია ბოიკოტის გავლენა საფრანგეთის ვაჭრობაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ბოიკოტის შედეგებს სასოფლო-სამეურნეო სექტორი იგრძნობს.
თურქეთისა და სხვა მუსლიმური ქვეყნების პოზიცია დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფრანგ მასწავლებელს, სამუელ პატის, მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.
"ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ". – თქვა მაკრონმა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ერდოღანმა მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მუსლიმები საფრანგეთში ისეთივე ზეწოლის ქვეშ არიან, როგორც ებრაელები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინ. ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, შეეჩერებინათ საფრანგეთის პრეზიდენტის "სიძულვილის კამპანია".
რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა მაკრონის ისლამთან დაკავშირებული პოზიციის გამო თქვა, რომ მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. ერდოღანის კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო. "ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი გააკრიტიკა პაკისტანის პრეზიდენტმაც. ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში კი საპროტესტო აქციები გაიმართა.