რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის წევრის სტატუსს საქართველო და უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი.
„აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებების პარალელურად აშშ-ს სენატში საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მოსმენა გაიმართა და დემოკრატიის საფრთხეებზე, არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა.
როგორც Europetime-თან ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აღნიშნავს, საქართველო დღეს, როგორც არასდროს, ისე ახლოს არის NATO-ში გაწევრიანებასთან, რასაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნაში მიმდინარე პროცესები.
_საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ცდილობს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე კონკრეტული პერსპექტივა დაინახოს. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს და განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სასარგებლოდ რაიმე სახის გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება?
ამ ორ საკითხს გავყოფ, რა ცვლილებები ხდება და არის თუ არა ეს ჩვენ სასარგებლოდ. ცვლილებები ნამდვილად ხდება. ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ძველი საერთაშორისო წესრიგი, რეალურად მოირღვა. ამის დარღვევა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება.
ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, უკვე ნელ-ნელა თავის საგარეო პოლიტიკურ კონტურებს იძენს, მას შემდეგ, რაც შიდა პოლიტიკური სიტუაციები დალაგდა. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ბლინკენის ვიზიტიდანაც გამოჩნდა, ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენა იქ, სადაც დაზიანებულია. ბევრ რამეზე იყო საუბარი ბლინკენის ვიზიტისას, და ბაიდენის ვირტუალური ჩართვისას ევროპულ სამიტზე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ, რაც ჩვენთვისაც ძალიან საყურადღებოა. გარდა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისა, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ დემოკრატიებს ასე მუდმივად თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ გამოადგებათ და უნდა გადავიდნენ შეტევის პოლიტიკაზე.
რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ამაზე ვინმეს ხმამაღლა ესაუბრა. დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა.
რუსეთთან შეტევაზე გადასვლა მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების კიდევ უფრო გამყარებას, ან დემოკრატიის არეალის გავრცელებას. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. რეალურად ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია.
პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება.
სწორედ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ის ინდიკატორი, რომელიც ახალი, დიდი შესაძლებლობების გახსნას გვიჩვენებს. გამოვიყენებთ ამას, ან არ გამოვიყენებთ, გავიმეორებ სენატორ შაჰინის განცხადებას, გზაჯვარედინზე ვდგავართ. ან სწორი მიმართულებით წავალთ, ან არასწორი მიმართულებით. ახალი წესრიგი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა, თუ ამისთვის მზად ხარ.
_ეს ახალი შესაძლებლობა, კონკრეტულად რა სარგებელს მოუტანს საქართველოს და რა შემთხვევაში?
-. თუ ჩვენ, ისევ გადავყვებით შიდა კინკლაობას და ერთი ადამიანის არაფორმალურ მმართველობას, მის გემოვნებაზე აგებულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მთავარი პოსტულატიც რუსეთის არ გაღიზიანებაა, როცა დანარჩენ მსოფლიოში რაღაცები ახლებურად დალაგდება, ისტორიის არასწორ მხარეს აღმოვჩნდებით.
აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ეს გეოპოლიტიკურ ცვლილებები შეიძლებოდა ყოფილიყო განხილვის მთავარი თემა, ჩვენ კიდევ რაზე ვსაუბრობთ?! ახლა რომ გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი დაბალანსებული ძალაუფლებით, პოლიტიკურ კრიზისზე კი არ ვისაუბრებდით, საარჩევნო რეფორმაზე, მიტაცებულ სასამართლოსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე, არამედ ვისაუბრებდით როგორ დავაჩქაროთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება. როგორ მოვიპოვოთ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას და Covid-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამ თემებზე კონცენტრირების ნაცვლად, ახლა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები მთელ რესურს დებენ იმაში, რომ როგორმე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში დაგვეხმარონ, რისი პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილიც ხელისუფლებას აკისრია.
_ თუ დღეს, აშშ და ევროკავშირი რუსეთზე შეტევის კოორდინირებულ პოლიტიკას ირჩევენ, რამდენად მოსალოდნელია ბალტიის ქვეყნების მსგავსად, გამონაკლისი საქართველოსა და უკრაინაზეც დაუშვან და ჩვენი გაწევრიანების სპონტანური გადაწყვეტილება მიიღონ? სტოლტენბერგმაც გააკეთა აქცენტი, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. არის რამე ნიშნები ამისა? სწორედ ამიტომ ხომ არ იბრძვის დასავლეთი ასე აქტიურად საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ადვოკატირება უკეთ შეძლოს?
საქართველო, დღეს როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას NATO-ში გაწევრიანებასთან, დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ზუსტად იგივე ხდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების დროს. ეს ყო პერიოდი, როდესაც დემოკრატიული სამყარო ფართოვდებოდა, ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, რომელიც ახლა უკვე ენტონი ბლინკენმა თავის საჯარო განცხადებებში რამდენჯერმე გაიმეორა. ცოტ ხნის წინ, აღნიშნული საგარეო კონცეფცია ამოვარდნილი იყო მათი საგარეო პოლიტიკიდან. ახლა ეს კონცეფცია დააბრუნეს. რაც არის დემოკრატიების შეტევაზე გადასვლის მანიშნებელი. გაჩნდა კონცეპტუალური ხედვა, რომ დემოკრატიის არეალი უნდა გაფართოვდეს.
წლების წინ, დემოკრატიული არეალის გაფართოების ფოკუსი გადიოდა ბალტიისპირეთზე, რადგან მაშინ ეს არეალი იყო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ფოკუსმა ჩამოიწია სამხრეთით, შავი ზღვის აკვატორიაში და სწორედ ეს არის ჩვენი შანსი, რადგან ევროპული უსაფრთხობისთვისაც მნიშვნელოვანია, შავ ზღვაზე შეიქმნას ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მომავალში რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმს გამორიცხავს. ერთადერთი ბერკეტი არის ეს, სწორედ ამ ახალ საერთაშორისო წესრიგში.
იმ ინსტიტუციებმა, რომლებზეც იდგა ევროპული უსაფრთხოება, არ იმუშავეს, არც გაერომ არც ეუთომ, რადგან რუსეთს ვეტოს უფლება ჰქონდა. რუსეთმა ეს წითელი ხაზები გადალახა, რადგან საპასუხო რეაგირებას არ იღებდა. ახლა დასავლეთი ამ წითელ ხაზებს კი არ უპირისპირდება, არამედ შეტევაზე გადასვლას გეგმავს. ერთადერთი ვისაც რუსეთის არამარტო შეკავება არამედ უკუგდება შეუძლია NATO და ამერიკაა.
თუ ჩვენი სურვილი არ იქნება, სწორ მიმართულებას არ ავირჩევთ, შეიძლება მხოლოდ უკრაინა მიიღონ NATO-ში და ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ეს ფანჯარა ორივესთვის იხსნება, რამდენად გამოვიყენებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
_ის ფაქტი, რომ არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანას სერიოზულად აფერხებს, პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის პროვოცირებაში რუსეთს ლომის წვლილი მიუძღვის? როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ყველაზე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, ამის შესაჩერებლად, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას რამდენად შეძლებს?
რუსეთის ჰიბრიდული ომის ამოცანა, სულაც არ არის საქართველოში ღიად გამოხატული პრორუსული მთავრობის ყოლა. მისი ამოცანა არის პოლარიზება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლა, მართვადი ქაოსის შექმნა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ იქნება მიმზიდველი ევროატლანტიკური ოჯახისთვის, რადგან სტაბილურობის ნაცვლად მეტ პრობლემას შეიტანს შიგნით და ავტომატურად ეს პროექტი ჩავარდება. ამით რუსეთი თავის დიდი ხნის ამოცანას მიაღწევს. მერე გადავა შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. იგივეს ცდილობს უკრაინასა და მოლდოვაში.
თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მთავარი სადისკუსიო საკითხი გვექნება ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, ოლიგარქიული კლეპტოკრატიული მმართველობა, ბუნებრივია, NATO-ში ვერ შევალთ. სტრატეგიული პარტნიორებიც, ვინც ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერები არიან, ჩვენ ადვოკატირებას ვერ შეძლებენ.
მეორე მხრივ, მათ ინტერესებშიც არის, რომ NATO-ს წევრები გავხდეთ, ამაზე ღიად საუბრობს ყველა. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანიც (რასმუსენი) საუბრობდა, როდესაც თბილისში იყო ჩამოსული მაკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე. აკადემიურ წრეებშიც საუბრობდნენ, თუ როგორ მოხდეს საქართველოს და უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოში, მაგრამ ამას საქართველოს მხრიდანაც სინქრონში გადადგმული საპასუხო ნაბიჯები სჭირდება. შიდა პოლიტიკური ქაოსის შედეგად ჩამოქცეული ინსტიტუტები შეუძლებელს ხდის ამ ამოცანას.
_24 მარტს, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე სპეციალური მოსმენა შედგა. აშშ-ში საქართველოს საკითხის მსგავსი მასშტაბით განხილვა ადრეც მომხდარა?
ასეთ დონეზე არ ყოფილა. სხვადასხვა თემატურ ჰეარინგებზე იყო ხოლმე საუბარი, მაგრამ ასეთი სპეციფიურად მიძღვნილი მოსმენის დონეზე არა. აღნიშნულ მოსმენაზე მთავარი განმასხვავებელი რაც იყო, არის ის, რომ ძირითადად საუბრობდნენ პრობლემებზე, კრიზისზე, როდესაც მანამდე ყოველთვის პირიქით ხდებოდა. ადრე სენატში საუბარი იმართებოდა, თუ როგორ დაგვემატებინა უფრო მეტი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, დაწყებული უსაფრთხოებით, გაგრძელებული ეკონომიკური თანამშრომლობით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და ა.შ. ახლა კი ძირითადად შიდა პოლიტიკურ პორბლემებს და დემოკრატიის უკუსვლას ეხებოდა.
მოსმენების დროს გაჟღერებული საკითხები ამომწურავად ფარავდა პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის ანატომიას. რაც ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ზუსტი ცოდნა აქვს საქართველოს პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესახებ. მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რომ ეს არის გზაჯვარედინი საქართველოსთვის და პრობლემები ავტომატურად არ მოგვარდება. დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ არ მოგვარდა, შეიძლება საქართველო ამ გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებებით წავიდეს, ვიდრე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურს.
_განხილვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში შესვლას. მისი თქმით, რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. კენტმა აღნიშნა, რომ აშშ უფრო მეტად გააქტიურდება რეგიონში ამ პრობლემების გადასაჭრელად. ისიც ითქვა, რომ ამ ფონზე, საქართველო ამერიკისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება რეგიონში. გარდა შიდა პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს შესახებ ასეთი მასშტაბის განხილვა, სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც ხომ არ იყო გამოწვეული?
-რა თქმა უნდა, ამერიკელი სენატორები, პირველ რიგში, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამოდიან. სტრატეგიული პარტნიორობის მთელი აზრი სწორედ იმაშია, რომ ჩვენი და ამერიკის ეროვნული ინტერესები, გრძელვადიან პერსპექტივაში 100 %-ით ემთხვევა ერთმანეთს. ამერიკას უფრო ფართო დღის წესრიგი აქვს, ფართო საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რომელიც მოიცავს ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის დროზე ტყუილად არ უწოდა საქართველოს დემოკრატიის შუქურა - ეს მისი ფართო დღის წესრიგის ნაწილი იყო, მაგრამ რაც მთავარია საქართველო მართლა იყო დემოკრატიის შუქურა.
ამით საქართველო ამტკიცებდა სწორედ იმ ფასეულობით მდგენელს, რასაც ეფუძნება ამერიკის საგრეო პოლიტიკა, და ამერიკის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ურთიერთობებში (ე.წ. exceptionalism). რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც, რეგიონულ კონტექსტი ქმნიდა იმ წინაპირობებს, რომ უფრო მეტად შეშფოთებულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციით.
საქართველოში დემოკრატიის შესუსტება ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას, რაზეც საუბრობდა სენატორი შაჰინი. მან თქვა, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის თითოეული დღე და ერთპარტიული პარლამენტი არის რუსეთის გამარჯვება. ამერიკის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებშია საქართველოს დემოკრატული განვითარება და ასევე გლობალურად დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ სამყაროსთან, რომლის ფლაგმანი და ლიდერი არის რუსეთის ფედერაცია. სწორედ ეს იყო დიდი კონტექსტი და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სენატში საქართველოს შესახებ ეს მოსმენა. ამ გზაჯვარედინზე, რომელზეც მიგვითითებს უნდა ავირჩიოთ სად გვინდა ყოფნა.