ბოლო კვირების განმავლობაში, სულ უფრო ნათლად იკვეთება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის და აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის კონტურები. მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამერიკა შეტევის პოლიტიკას ირჩევს და ევროკავშირთან კოორდინირებულად, მსოფლიოს, გლობალური პოლიტიკის ახალ დღის წესრიგს სთავაზობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების თარიღის დასახელება, ამ ეტაპზე არ შეუძლია.
კონკრეტულად, რას გულისხმობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება აისახოს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოზე? - ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, GIPA-ს ასოცირებულ პროფესორს , თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
-გარდა სამხედრო ბერკეტისა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სხვა რა სახის რესურსი გააჩნია რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად? NATO-ს ხელთ არსებული რესურსებიდან, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გაიდგას რუსეთის წინააღმდეგ?
-დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე.
ბლინკენის ბოლო განცხადება, რომ აშშ NATO-სთან განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს, არ არის ერთადერთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივი განცხადება, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს უკვე არამხოლოდ NATO-ს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაა, არამედ ევროკავშირთან ერთობლივი აქტივობაც. ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს.
მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება.
რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აამოქმედოს შეერთებულმა შტატებმა, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში.
-ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და აშშ-ის და ევროკავშირის განახლებულ საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთვის რა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება? რაზეც თქვენ საუბრობთ ხოლმე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თავის დროზე ასევე მოუმზადებლად მიიღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მიუხედავად რუსეთის და ამავე დროს დასავლეთ ევროპის კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგობისა. რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკის გამოვლინება, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი „შესაძლებლობის ფანჯარა“ თუნდაც NATO-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად?
- მართლაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. გამოვიყენოთ ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება.
უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს.
-ბატონო თენგიზ, ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის მიმართ, რა მოლოდინები გაქვთ? ფაქტია, რომ შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა პირდაპირ მიბმულია იმ სამუშაო პროცესთან, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ.
-თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს.
ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, ამავდროულად, ინტერესში ვგულისხმობ სხვა, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას.
- თუნდაც აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების დაზვერვას, შესაძლოა, რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეს, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობების შესახებ, რომელიც ესკალაციის შექმნისკენ არის მიმართული? ამით ხომ არ არის გამოწვეული დასავლეთის ასეთი დონის აქტივობა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში?
- ამაში ეჭვიც არ მეპარება. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადება ფაქტობრივად თვითაღიარება იყო. შეიძლება ითქვას, ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის, საქართველოს არამხოლოდ NATO-ში გაწევრიანება, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაც პრობლემას წარმოადგენს და მიუღებელია. ყველაფერი ნათელზე ნათელია და ცხადია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას.
თუმცა, იმისთვის რომ დაგეხმარონ, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გქონდეს სურვილი, თავად დაეხმარო საკუთარ თავს, რაზეც ღიად მიანიშნებს დანიელსონი. დასავლეთს, მხოლოდ დახმარება შეუძლია, ნაბიჯები ჩვენს მიერ უნდა გადაიდგას და ჩვენს ნაცვლად გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ.
იმედია, პოლიტიკური სპექტრი გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ ქვეყნის მომავლის წინაშე და იხელმძღვანელებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
-დანიელსონის დღევანდელი განცხადებები, რა პროგნოზის საფუძველს იძლევა? რამდენიმე პარტიაც რომ შევიდეს პარლამენტში, სიტუაციას ოდნავ მაინც თუ განმუხტავს? თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვის აწყობს და ვის არ აწყობს შეთანხმების მიღწევა?
- კრიზისი გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე 2-3 პარტიის პარლამენტში არშესვლა, ან შესვლა. აშშ-ს სენატში განხილვისასაც იყო ნათქვამი, დღევანდელი კრიზისის საფუძველი არის ის დაგროვებული პრობლემები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში აკუმულირდა და ამ კრიზისის სახით ამოხეთქა. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც პრინციპში გაერთიანებულია იმ ჩარჩოში, რომელიც მოლაპარაკებისთვის შარლ მიშელმა წარმოადგინა. ეს არ არის უბრალოდ პარტიების შესვლა, ან არშესვლა. ეს არის სასამართლო სისტემა, საარჩევნო სისტემა და ბევრი ის თემა, რაზეც ისედაც ვიცოდით, რომ მისახედია, მაგრამ მაინც სამომავლოდ იდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ რეფორმებზე განცხადებებით თავს ვიწონებდით. ეს პრობლემები დაგროვდა და ამ სიტუაციიდან გამომდინარე პრობლემების მოცულობა გაიზარდა.
ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ კრიზისის საფუძვლების აღმოფხვრაზე და არა უბრალოდ გარეგნულ მხარეზე, რომელიმე პარტია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში. მე ვფიქრობ დიალოგის პროცესში საუბარი იქნება ყველაფერზე.
- საზოგადოების ერთი ნაწილი უფრო დიდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „შეთანხმების მიღწევას „ნაციონალურ მოძრაობა“ უშლის ხელს, რადგან თუნდაც რეფორმების სანაცვლოდ, მხოლოდ პარლამენტში შესვლა მას არ აწყობს. ასე სრულ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. ამიტომ, რევოლუციური სცენარი მისთვის ყველაზე მისაღებია“. NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს გამოკითხულთა 7%, დანარჩენ ოპოზიციასაც ჯამში 7 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 23 %. NDI-ს ბოლო კვლევები რამდენად იმოქმედებს დიალოგის შედეგებზე?
-ეს კვლევა კარგად უნდა წაიკითხოს ყველა პოლიტიკოსმა, ორივე მხრიდან. ყველაზე დამაფიქრებელი არის ის, რომ ზოგადად, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძალიან კლებულობს. რეალურად, ჩვენ გვაქვს პროცესი, როდესაც პოლიტიკოსები შორდებიან რეალობას და იმ აღქმას, რაც რეალურად ხდება საზოგადოებაში.
პოლიტიკური პარტიების, მათ შორის მმართველი პარტიების რეიტინგის კლებაში დიდ როლი ითამაშა ამ კრიზისმა, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხედავს პარტიული ინტერესების უპირატესობას საერთო ეროვნულ ინტერესებზე.
ამიტომ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით. ვინც ამას მოახერხებს, დამერწმუნეთ, რომ მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც.
სიტუაციის განმუხტვა ყველას ინტერესში შედის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს მომავლით და არა იმის ინტერესში, ვისაც ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ აწყობს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე.
ყველას პასუხისმგებლობა აქვს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, თუმცა პოლიტიკის ანა-ბანაა რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, ესე იგი პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს, საჭიროა, აბსოლუტურად ყველა მხარის მიერ დღევანდელი რეალობის სრულად გათავისება. ასევე იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მათ, ყველას აკისრიათ.