აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ანგარიშის წარდგენისას ენტონი ბლინკენმა რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, მათ შორის დაასახელა: ბელარუსი, რუსეთი, სირია, ჩინეთი, მიანმარი.
„შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევენ. ისინი უმეტესად იგივე ქვეყნები არიან, რომლებიც საერთაშორისო წესებს არღვევენ, იქნება ეს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, კიბერთავდასხმები, დისიდენტების შევიწროება, დეზინფორომაციის გავრცელება თუ სავაჭრო წესების დარღვევა“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთანავე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი და შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების დარღვევებთან საბრძოლვებად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, დამნაშავეები კი პასუხს აგებენ.
მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის იერარქიული მიდგომა არ წარმოადგენს არსებული ადმინისტრაციის სახელმძღვანელო დოკუმენტს.