30 წელი გავიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან

დღეს, 30 წელი გავიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენიდან.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90.3%-მა, სულ 3 302 572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 98,9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

რეფენდუმის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან.

ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით:

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 657 477

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3 302 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90.3%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3 326 100, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98.9%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17 400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0. 53%-ს.