სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებებს ეხება ქართული დემოკრატიის გამოწვევების საკითხიც მოხვდა.

როგორც საქართველოს შესახებ ანგარიშის თავში ნათქვამია, ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები 2020 წელს მოიცავდა, თუმცა არის ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, წინა წლებში მომხდარი ფაქტებიც, რომელთა გამოც პასუხისმგებლობა გასულ წელს არ დამდგარა.

"ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავს: სასამართლოს დამოუკიდებლობის და დაკავებების თაობაზე სერიოზულ პრობლემებს. გამოძიებებს და სამართლებრივ დევნას, რომლებიც ფართოდ არის აღქმული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას. თავისუფალი შეკრების და გაერთიანების მიმართ შეზღუდულ პატივისცემას. ასევე დანაშაულს, ძალადობის ან დაშინების შესახებ ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერთა და ინტერსექსუალი პირების წინააღმდეგ.

​მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, ზოგიერთი მოხელის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მათ შორის, ანგარიშვალდებულების არქონა, 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს, ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, პოლიციის შეუსაბამო ძალის გამოყენებისთვის და 2017 წელს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან მოტაცების და გადაცემის გამო,"- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და მრავალფეროვან შეხედულებებს გამოხატავდა, თუმცა საუბარია არასამთავრობოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოხატულ წუხილზე, მედია პლურალიზმთან დაკავშირებით და ზოგიერთ მედიასაშუალებაში მთავრობის ჩარევაზე.

ასევე აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის ეჭვები, რომ რიგი სისხლის სამართლებრივი გამოძიებები, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის ქვეთავი პოლიტიკური პატიმრების შესახებ. მასში, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობებზე დაყრდნობით, დეპარტამენტს რამდენიმე გახმაურებული საქმე აქვს აღწერილი.

"2019 წლის სექტემბერს, ერთობლივ განცხადებაში 16-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა განგაში, როგორც თავად აღნიშნეს, "პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების და სამართლებრივი დევნის რაოდენობის გაზრდასთან" დაკავშირებით. მათ მაგალითებად მოიყვანეს სისხლის სამართლის საქმეები "თიბისი ბანკის" ორი დამფუძნებლის, "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის და "ტვ პირველის" მფლობელის მამის წინააღმდეგ. ასევე რამდენიმე საქმე იმ პირთა დაპატიმრებაზე, რომლებიც 2019 წლის ივნისში ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდა. მათ შორის, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ.

ოპოზიციური პარტიის და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავს. 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და გაათავისუფლა. ოპოზიცია აგრძელებდა მოწოდებას, ოპოზიციონერი გიორგი რურუას გასათავისუფლებლად,"- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში წერია, რომ ცნობები არ ყოფილა საქართველოში გაუჩინარებებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებზე და მთავრობის ან მისი სააგენტოების მიერ, სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფაზე. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და მოყვანილია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პოლიციის მიერ დაკავებული ინალ ჯაბიევის სავარაუდოდ წამებით სიკვდილის ფაქტი.

ანგარიშში აღწერილია ე.წ "კარტოგრაფების საქმეც":

"ცნობები, თვითნებურ დაკავებებზე გრძელდებოდა. ერთ შემთხვევაში, 7 ოქტომბერს, ხელისუფლებამ დაააკავა დელიმიტაციის და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის 2 ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი, 2005-2007 წლებში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ კომისიის მუშაობის დროს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაში დასდო. 8 ოქტომბერს მათ ორთვიანი წინასწარი დაკავება შეეფარდათ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური ოპოზიციის კონტაქტები "კარტოგრაფების საქმეს" პოლიტიკურად მოტივირებულად აღწერდნენ,"- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. მოსამართლეები კი დაუცველები არიან პოლიტიკური ზეწოლისგან, სასამართლოს სისტემის შიგნით, თუ გარედან.

"სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებდა შეშფოთებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლოვანების გამო. წლის განმავლობაში მათ ხაზი გაუსვეს პრობლემებს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენას, რომელიც ძირითადად შედგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლოს სისტემაში და ხელს უშლიდნენ წინადადებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა ამ გავლენიან და არარეფორმატორ ჯგუფს "კლანად" მოიხსენიებენ," - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება პირობებს ციხეებში და დაკავების ადგილებში, ანგარიშში წერია, რომ უმეტესად ადეკვატურია, თუმცა ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში არის ვენტილაციის, სინათლის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების პრობლემები. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერილ ანგარიშსაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ციხეების გადავსების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო. ანგარიშში ვკითხულობთ კორუფციის შესახებაც, სადაც წერია, რომ მთავრობა აქტიურად იყენებდა კანონს, დაბალ ეშელონებში კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ნათქვამია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ ძალაუფლების სუსტ განაწილებასა და სამართალდამცველების დამოუკიდებლობის არარსებობაზე, მაღალი დონის კორუფციასთან საბრძოლველად.