იტალიამ რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იტალიამ რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების გაძევება ჯაშუშურ სკანდალს უკავშირდება, რომლის დროსაც იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი იქნა დაკავებული.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები 30 მარტს დააკავეს, როდესაც იტალიელი სამხედრო რუსს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დოკუმენტებს აძლევდა. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„როდესაც რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა დაბარებული, ჩენ გამოვხატეთ იტალიის მთავრობის მტკიცე პროტესტი და გადავეცით ინფორმაცია რუსეთის ორი ოფიციალური პირის გაძევებასთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში. მადლობას ვუხდი დაზვერვის სამსახურს და ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.