ნატო–მ რუსეთს "ნოვიჩოკის" წარმოების პროგრამის გახსნა მოსთხოვა

ნატო რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას, ხოლო რუსეთისგან „ნოვიჩოკის“ წარმოების პროგრამის გახსნას მოითხოვს. განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, 4 სექტემბერს გამართული საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში ნატოს 30-ვე წევრი ქვეყნის ელჩი მონაწილეობდა.

„რუსეთის მთავრობამ სრულად უნდა ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, რათა მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისვე თქმით, ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მთავრობის კრიტიკოსებს მსგავსი მეთოდით ესხმიან თავს:

„ეს არის თავდასხმა დემოკრატიულ უფლებებზე! ეს ასევე არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რომელსაც საერთაშორისო პასუხი სჭირდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

31 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერის სპეცლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი “რუსეთში მოწამლეს ქიმიური ნივთიერებით, რომელიც თავისი შემადგენლობით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემუშავებული საბრძოლო აგენტის – “ნოვიჩოკის” მსგავსია და რომელიც 2018 წელს სკრიპალებზე თავდასხმისას იქნა გამოყენებული”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება “ფაქტებით არაა გამყარებული”. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა ბერლინს “რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძვლების წინასწარ შექმნის მცდელობასა” და “ნავალნისთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების არსურვილში” დასდო ბრალი.

თავის მხრივ, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ “ამ დროისთვის კრემლი ვერ მოახდენს კვალიფიციურ რეაგირებას” გერმანიის მთავრობის განცხადებაზე, რადგან “ადრე ბერლინში გაგზავნილი ოფიციალური განაცხადები უპასუხოდ დარჩა”. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი მზადაა და დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთქმედებითა და სრული მონაცემების გაცვლით”.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის განცხადების ფონზე აქციათა რუსული ბაზარი ერთი თვის წინანდელ ზღვრამდე დაეცა, რუბლმა კი მკვეთრი ვარდნა განიცადა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში.