შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.

რუსეთში დაბრუნებულმა ვლადიმერ პოზნერმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და მისი სტუმრები საქართველოში, პანდემიის რეგულაციების დარღვევის ბრალდებით არ დაუჯარიმებიათ.

უწყების ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა საპროტესტო აქცია მოაწყეს და სასტუმროს ელექტრო ენერგია გაუთიშეს. აქციის მონაწილეები რუსი სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევასაც აპროტესტებდნენ.

შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც.

რუსმა ჟურნალისტმა რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.