გიორგი კვირიკაშვილი: პოზნერთან დაკავშირებით ზღვარგადასულ რეაქციას,  სავალალო შედეგები ექნება

"წუხანდელ საღამოს, ზღვარგადასულ რეაქციას, სამწუხაროდ, სავალალო შედეგები ექნება, საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის და არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს. ისედაც მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით დაწერა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომხდარი გარდაუვალად დააზიანებს ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა საქართველოს მიეღო რუსეთიდან, უმეტესად სახმელეთო და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

"პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის.

ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:1. ექსპორტი2. უცხოური ინვესტიციები3. ფულადი გზავნილები4. ტურიზმი

მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება",- აღნიშნულია ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში, დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო, სასტუმროსთან, საპროტესტო აქცია მოაწყეს. კარს, კვერცხები დაუშინეს და სასტუმროს ელექტრო ენერგია გაუთიშეს. დემონსტრანტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთის შესახებ წლების წინ გაკეთებულ განცხადება გააპროტესტეს, ასევე სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევა.

შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც.

რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა, თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.