აშშ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ესკალაციით. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული მხარე ინფორმირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

როგორც ნედ პრაისმა განაცხადა, აშშ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და რეგიონული დაძაბულობის ზრდის საკითხს NATO-ს მოკავშირეებთან განიხილავს.

„როდესაც ვსაუბრობთ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის მდგომარეობაზე, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ უკრაინაში რუსეთის აგრესია. ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულნი ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, რის შედეგადაც, 26 მარტს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის პროცესს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.