შსს: უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან მობილიზებულები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ.

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ნამახვანჰესის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა.