მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
პრეზიდენტის თქმით, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო.
„ანზორ ერქომაიშვილზე ბევრი რამე ითქვა და ბევრი რამე ითქმება, მე არ გავიმეორებ, არც პატრიარქის და არც მეუფე შიოს სიტყვებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი იყო გამაერთიანებელი. დღეს თუ უყურებდით, ვინ შემოვიდა ტაძარში, შემოვიდა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო, დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ეს არის ის ძალიან დიდი მაგალითი, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დაგვიტოვა. მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“,- აცხადებს პრეზიდენტი.
ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალეს. 1968 წლიდან ის იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილს უნიკალური წვლილი მიუძღვის დაკარგვის პირას მყოფი უნიკალური ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და ოქროს ფონდის შექმნაში.
მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.