" უკრაინის საზღვარზე რუსეთის აგრესიის შესახებ მოსკოვის დეზინფორმაციის გამო, თეთრი სახლი შეშფოთებულია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი აღნიშნავს, ანალოგიურ დეზინფორმაციულ კამპანიას არუსეთი წარსულშიც ახორციელებდა ღმოსავლეთ უკრაინაში.
„ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც რუსეთი ატარებდა წარსულში დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის საზღვარზე თავის აგრესიასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და რის გამოც შეშფოთებული ვართ. ჩვენ ამაზე კომუნიკაციას გავაგრძელებთ აქ და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება.
Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ.
პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".
ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს.
უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.