დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა მან ჩინური ვაქცინა გაიკეთოს.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, რამდენიმე კვირაში გაიკეთებს.
„დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. აპრილის ბოლოს მომიწევს აცრის გაკეთება და აუცილებლად ავიცრები", რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ვაქცინით ავიცრები, დამიტოვეთ ეს საიდუმლოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმით არ ავიცრები, რომ სალაპარაკო გავხდე მერე. შეიძლება, ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით", - განაცხადა TVპირველის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება დაიწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 4 აპრილის ჩათვლით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით უკვე აიცრა 11 603 ადამიანი.