უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.
„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვის მატების სახიფათო ტენდენციას ვხედავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს.
„შავ ზღვაში ნატოს მუდმივი წარმომადგენლობა რუსეთის შეკავების ფაქტორი უნდა გახდეს, რომელიც რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას განაგრძობს და სავაჭრო ნაოსნობას აფერხებს. ჩვენ არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ მივისწრაფით, თუმცა მხოლოდ რეფორმებით რუსეთს ვერ გააჩერებ. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. წევრობის სამოქმედო გეგმა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.