პოკროვის კოლონიასთან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ექიმები დააკავეს

რუსეთში, პოკროვის მეორე კოლონიასთან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დააკავეს. მათ შორის არის ორგანიზაცია „ექიმთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა, რომელიც პოლიტიკოსთან შეშვებას ითხოვდა.

Telegram-ის არხი Avtozak Live-ი იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან CNN-ის კორესპონდენტი მეთიუ ჩენსი და Belsat TV-ის კორესპონდენტი, რომლის სახელსა და გვარს არ იტყობინებიან.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულია ცხრა ადამიანი. რამდენიმე ათეული აქტივისტი პოკროვში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ალექსეი ნავალნის კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაყვანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

„ჩვენ მივაღწიეთ ერთ მიზანს – ამ საშინელი პრობლემისადმი ყურადღება მივიზიდეთ. ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ კოლონიის ხელმძღვანელობას გაეცნობიერებინა, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ალექსეი და შედეგად რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ჩვენ გვსურდა, სამედიცინო-სანიტარული ნაწილის ექიმთან დალაპარაკება, რათა გაგვეგო, რა მკურნალობა უტარდება მას“, – განაცხადა „ბიბისის“ რუსულ სამსახურთან ვასილიევამ.

ინციდენტამდე „ექიმების ალიანსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოკროვში მიემგზავრებიან „არა პროტესტისთვის“, არამედ ნავალნის „გადასარჩენად“.

31 მარტს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და მასთან მიწვეული ექიმის შეშვება მოითხოვა. მანამდე, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ აცხადებდა. ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში გერმანიიდან ჩასვლისას დააკავეს.