სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ NATO-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ნედ პრაისის განცხადებით, შტატები ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ NATO-ს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს.

„ეს ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ NATO-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც იყო გამოხატული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს, შეუერთდეს თუ არა რომელიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს NATO-საც. ჩვენ ვემხრობით იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის. ამ მიზნით, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, განახორციელოს ღრმა, ყოვლისმომცველი და დროული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია უფრო სტაბილური, დემოკრატიული, განვითარებული და თავისუფალი ქვეყნის ასაშენებლად“, – განაცხადა პრაისმა.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის რეფორმებს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის თავად პრეზიდენტი, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ნატოელ კოლეგებს ესაუბრნენ და მათ აქვთ მჭიდრო კონტაქტი უკრაინელ კოლეგებთან.