facebook-მა ქართულ მარშთან და POSTV-სთან დაკავშირებული 24 ანგარიში, 12 ჯგუფი და Instagram-ის 11 ანგარიში წაშალა

Facebook-ის ადმინისტრაციამ ქართულ მარშთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი წაშალა

Facebook-ის ცნობით, მარტში საქართველოდან ჯამურად 24 ანგარიში, 12 ჯგუფი და Instagram-ის 11 ანგარიში წაიშალა, რომლებიც მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე. როგორც facebook-ის განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ მარშთან" დაკავშირებულ ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული.

წაშლილია ასევე, ანგარიშები და გვერდები, რომლებიც გასართობ და სავაჭრო პლატფორმებად იყო შენიღბული. მაგალითად, საგიჟეთი, შერეკილები, ყიდვა-გაყიდვა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, გათბობის სისტემა — ბეგიო.

აღნიშნული გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა.

წაიშალა მარში TV-ც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა. DFRLab-ის განცხადებით, ფეისბუქფეიჯის შინაარსს არეკლამებდა ბექა კვიციანი, რომელიც კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გამოცემის, News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორია. News Front Georgia აზიარებდა მასალას "ქართული მარშის" ოფიციალური ფეიჯიდან, ასევე, მართავდა საჯარო ჯგუფებს — "ღამურები", "საგიჟეთი", "შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში. DFRLab-ის გამოძიების ობიექტივში მოხვდა სახელისუფლებო ტელევიზია POSTV-ც, რომლის რეკლამირებასაც იგივე ჯგუფი ახორციელებდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მარში აძლიერებდა სენტიმენტებს დავით გარეჯის საკითხზე, აქციებითა თუ მოწოდებებით და ასპონსორებდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პოსტებს. ასევე, წაიშალა ფოტოგრაფის და ვიდეობლოგერის, გიორგი (ჯორჯ) თორელის გვერდები, რადგან გამოძიების თანახმად, ქართული მარშისა და POSTV-ის კონტენტის პოპულარიზაციას ეწეოდა.

Facebook-მა მარტში სულ 11 ქვეყნიდან წაშალა ანგარიშები და გვერდები, მათ შორის, ალბანეთიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და მექსიკიდან.