მარინა კალიურანდი: დანიელსონი ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს, ეს ქართველების გასაკეთებელია

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით, ელჩ კრისტიან დანიელსონს არ შეუძლია ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ,,საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები განსაზღვრავს საქართველო-ეროკავშირის ურთიერთობის მომავალს.

,,ევროპარლამენტარების განცხადებაში ჩვენ ვაკრიტიკებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში იმიტომ, რომ მედიაცია ვერ შედგება ევროკავშირის მიერ, კომპრომისი ვერ მიიღწევა ევროკავშირის მიერ, დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართვლოს მომავალს და ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად, ეს ქართველების გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უყურებ მმართველ პარტიას და მათგან ცოტათი მეტს ელი ვიდრე სხვებისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა გასცეს გარანტია, არ ჰქონდეს პატივისცემა და თავდადება იმაზე თუ რას აკეთებს მმართველი პარტია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული პროცესი, ვალდებულობა ყველა მხარისგან. დიახ, ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯს მმართველი პარტიისგან, თუმცა სხვებსაც უნდა ჰქონდეთ პატივისცემა და მიჰყვეს ამას.

ალბათ პირველად, მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა საკითხი, ეს უფრო ფართოა - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მომავალია, ეს არის ტრანსატლანტიკური კავშირისთვის დიდი მისწრაფების მომავალი, ეს საქართველოს მომავალია. ვიცი, სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპის პარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი დღის წესრიგში მთავარი საკითხი არ არის, მერწმუნეთ, ჩვენ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს დაწყებული პანდემიით, ეკონომიკით, მიგარციის კრიზისით, კლიმატის საკითხით და ა.შ. და სამწუხაროა, რომ ცოტა ხნის წინ განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობა, როცა რაღაც ცუდი ხდება ან კრიზისია. ევროპა დაიღალა, დაღლილია აღმოსავლეთ პარტნიორობით და ამიტომ ევროპა უსასრულოდ არ შემოგთავაზებთ მაღალი დონის შეხვედრებს, მედიაციას. თქვენ ვერ გექნებათ უფრო დიდი მხარდაჭერის მოლოდინი ვიდრე ახლაა, ეს პირადი მხარდაჭერაა პრეზიდენტ შარლ მიშელის, უფრო დიდი ვერ იქნება. ამიტომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გაიგოს, თუ როგორაა ჩართული ევროპა, როგორი მზაობა აქვს მხარდაჭერის...

რაც შეეხება დახმარების პირობითობას. მე ღია და გულწრფელი უნდა ვიყო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი თანხმდება რომ დროა წარმოვადგინოთ პირობითობის პრინციპი. თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას და ინტეგრაციას და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ თავდადებას ქართული მხარისგან, ჩვენ უნდა წარვადგინოთ პირობითობა", - განაცხადა კალიურანდიმ.