უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს დონბასში ჩასვლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს, დონბასში ჩასვლას გეგმავს.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩავა.

დღეს დონბასში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ისევ დარღვევის და კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, რომ რუსეთმა მარტის დასაწყისიდან უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე დამატებითი სამხედრო ძალები გააგზავნა. აშშ-მა, ევროკავშირმა, NATO-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ბოლო დღეებში, ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინციდენტამდე, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსულ ოპერაციებს 6 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და სამი კი დაიჭრა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და კიევის სამთავრობო ჯარებს შორის, ორივე მხრიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით.

უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

.