გიორგი ვაშაძე: შეთანხმება აუცილებლად შედგება, შესაძლოა, მომავალ კვირას მესამე რაუნდის თარიღი დასახელდეს

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, მომავალი კვირისთვის მოვლენები სამ ვარიანტით შეიძლება განვითარდეს - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, აუცილებლად შეთანხმებით დასრულდება. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ახალ დოკუმენტში, რომელიც მედიატორების მხრიდან მომავალ კვირას შეიძლება დაიდოს, შარლ მიშელის მიერ განსაზღვრული 5-ვე საკითხი შევა.

„მე მქონდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენი ფასილიტაციის მხარეებთან და შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას უნდა ველოდოთ სიახლეებს. სიახლეებს იმიტომ, რომ რაღაც წერტილი უნდა დაესვას ამ პროცესს. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, უნდა შედგეს საბოლოო დოკუმენტი და ვნახოთ, ვინ აწერს ხელს ამ შეთანხმებას და ვინ არ აწერს. მომდევნო კვირაში შეიძლება ეს იყოს გარკვეული თარიღი, როცა მესამე რაუნდი იქნება, შეიძლება ეს იყოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, რომელიც დაიდება, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ უკვე მოლაპარაკება დანიშნული მომავალ კვირაში, სამივე ვარიანტს ველოდები, იმიტომ, რომ მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას ბოლო დღეებში ჩემი კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც მე ჩემი ხედვა გავუზიარე.

მე ვფიქრობ, მესამე რაუნდი შედეგს მოიტანს, აგერ ნახეთ, აუცილებლად შეთანხმება იქნება! მე 90%-ით დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მოხდება. თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება. შემიძლია უკვე მეტი ალბათობით გითხრათ ჩემი განწყობა ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვესაუბრე და ძალიან მაღლა არის აწეული უკვე საქართველოს საკითხი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„რამდენი ხანი უნდა გაიწელოს ეს პროცესი?! წერტილი უნდა დავსვათ ამ საკითხში. შესაბამისად, მე მაქვს ძალიან მარტივი სტრატეგია ამ მოლაპარაკებებში და მედიატორებს არა მარტო ვთხოვ, არამედ გარკვეული ვალდებულებაა მათიც, რომ ეს როლი შესრულდეს. შარლ მიშეელი რომ იყო ჩამოსული, 5 პუნქტი დაიწერა, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხებიც და 5-ვე ამ საკითხზე გადაწყვეტა უნდა დაიდოს.

შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი. მე გეტყვით პრონციპებს და არა შინაარსს. პრინციპებია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, როგორ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება რიგგარეშე არჩევნები, არამედ ნიშნავს იმას, რომ ხალხი გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ჩემთვის ყველაზე სწორი ასეთი ვერსია არის პლებისციტი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, რას იზამს „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ ახალ დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა მომავალ კვირას მედიატორების მხრიდან დაიდოს, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა არ ექნება, ვაშაძის თქმით, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.

„ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ოპოზიციური ერთობით შევუერთდეთ ამ დოკუმენტს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თუ დავინახავ რომ სწორი დოკუმენტია, ყველა მონაწილე მხარე ამაში დავითანხმო. თუ ამას ვერ დავინახავ და მაინც იქნება რაღაც დესტრუქცია, რადიკალურად განსხვავებული აზრი და მე სხვა აზრი მექნება, არ გამიჭირდება ვთქვა, რომ შემიძლია ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერო“,- განაცხადა ვაშაძემ.