ჯორჯ კენტი: როდესაც სამხრეთ კავკასიაში NATO-ზე ვსაუბრობთ, დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს მისწრაფებებია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ NATO-სგან, არამედ ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ამის შესხებ კენტიმ ,,Turkish Heritage Organization"-ის მიერ გამართულ დისკუსიისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები აბრკოლებს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას.

„როდესაც ვსაუბრობთ NATO-ზე სამხრეთ კავკასიაში, მაშინ უნდა ვისაუბროთ საქართველოზე. საქართველო მონაწილეობს NATO-ს მისიაში ავღანეთში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მისიაში. ის არის სიდიდით მეოთხე კონტრიბუტორი და ნომერ პირველი კონტრიბუტორი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ NATO-სგან, არამედ ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში. საქართველოს 30-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის მისიაში და ასობით დაიჭრა.

საქართველოს მუდმივად სურს, რომ NATO იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ასე რომ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში NATO-ზე ვსაუბრობთ, დისკუსიის მთავარი თემა არის საქართველოს მისწრაფებები. თუმცა, მე არაერთხელ მითქვამს საქართველოს ოფიციალურ პირებთან – გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ იმის ჩვენება, რომ მზად ხარ და შეგიძლია, იბრძოლო NATO-ს სამხედროებთან ერთად, არ არის საკმარისი ალიანსში გაწევრიანებისთვის. NATO არის საერთო ღირებულებების მქონე მოკავშირეების ალიანსი.

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები აბრკოლებს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.