ჯო ბაიდენი მოუწოდებს სენატს დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას შემოწმების პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ახლა მოქმედების დროა და სენატმა დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას შემოწმების პროცედურას ამკაცრებს.

ბაიდენის თქმითვე, მისი ადმინისტრაცია არ ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებას, რომელიც მოქალაქეების მიერ იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას უზრუნველყოფს.

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იარაღით ძალადობა ეპიდემიად და საერთაშორისო სირცხვილად იქცა.

„დღეს ნაბიჯებს ვდგამთ, რათა დავუპირისპირდეთ არა მხოლოდ იარაღის გამოყენებით გამოწვეულ კრიზისს, არამედ იმასაც, რაც რეალურად ჯანდაცვის სფეროს კრიზისია. ჩემი ადმინისტრაციის შეთავაზება არანაირ გავლენას არ მოახდენს მეორე შესწორებაზე.

კმარა ლოცვა! ახლა მოქმედების დრო დადგა. სენატმა დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული სამი კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას შემოწმების პროცედურას ამკაცრებს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.