საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს.
ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.
სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 12:00 საათზე წარდგება.
„პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება.
პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ.
სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის სხდომას არ დაესწრება.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.