რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ თურქეთის პრეზიდენტის დიქტატორად მოხსენიების გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას Anadoly Agency ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს მომხდარი პროტოკოლური ინციდენტის გამო გააკრიტიკა და თურქეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა.

„მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები თურქეთის პრეზიდენტის საქციელს. ძალიან ვწუხვარ იმ დამცირებისთვის, რომლის გადატანაც მოუწია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მარიო დრაგის თქმით, ისეთ დიქტატორებთან როგორიც ერდოღანია საჭიროა გულწრფელი საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ხედვები აქვს ევროკავშირს, თუმცა ამავდროულად თანამშრომლობაც საჭიროა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები პროტოკოლის არცოდნითაა განპირობებული და თურქეთის სტუმართმოყვარეობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.

ცნობისთვის, 6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს.