პრეზიდენტი: ხელისუფლებას გამბედაობა  არ ეყო, ქვეყნის სტაბილურობა და ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“

„ხელისუფლებას გამბედაობა არ ეყო იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“.იმედი მაქვს რომ ეს მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისთვის და რაოდენ უკვე დაახლოვებული ვართ.

„ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში.

ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს. მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფაცილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის.

ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ , არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა.

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“, ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს.

ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს.

და დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის! არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Top of FormBottom of Form